ქართული სპექტაკლების პროგრამა

დირიჟორი : დავით მუქერია

რეჟისორი: გიორგი თავაძე

მხატვარი: გალაქტიონ გოგიბერიძე

ქორმეისტერი: რუსუდან ბერიძე

კონცერტმაისტერები: მარინა ქიქავა, ნინო ჩაიძე

საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვოკალის პედაგოგი: მარიამ ჯახუტაშვილი

 

მონაწილეობენ :

 

სანტუცა : ლელა სიხარულიძე

ტერიდუ : ირაკლი კახიძე

ალფიო : ოთარ ნაკაშიძე

დედა ლუჩია : ეთერ ხალვაში

ლოლა : ტატა ჯიქია

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

 

ხანგრძლივობა : 70 წუთი

საორკესტრო პრელუდიის ფონზე ტურიდუ ლოლას სერენადას  უმღერის.

სიცილიური სოფლის მოედანი.

ლუჩიას ტავერნასთან გლეხები მხიარულობენ. სააღდგომო ზარები მრევლს სოფლის ძველი ეკლესიისკენ მოუხმობენ. მოედანზე სანტუცა შემოდის. ის აღელვებულია და ლუჩიას მისი ვაჟის, ტურიდუს ადგილსამყოფელის შესახებ ეკითხება. ლუჩია პასუხობს, რომ ტურიდუ ღვინის საყიდლად მეზობელ სოფელშია წასული. სანტუცა ლუჩიას ატყობინებს, რომ ტურიდუ არსად წასულა და მთელი ღამე ალფიოს სახლის მახლობლად დახეტიალობდა. მას ალფიოს ცოლი ლოლა უყვარს. ამასთან სანტუცა ლუჩიას საკუთარი უიღბლო სიყვარულის ამბავსაც უმხელს. ტურიდუს ყოველთვის კეკლუცი ლოლა უყვარდა, მაგრამ ვიდრე ტურიდუ სამხედრო მოვალეობას იხდიდა, ლოლა ალფიოს ცოლად გაჰყვა. 

სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ტურიდუ ლოლას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს სანტუცასთან იქარვებს. ლოლა კი ქმრისადმი ერთგულებას არად აგდებს და ყოფილ შეყვარებულს ისევ თავგზას უბნევს.

ამ დროს ხანგრძლივი მოგზაურობიდან ლოლას ქმარი ალფიო ბრუნდება. ის კარგ გუნებაზეა, ცხოვრების სიამესა და საკუთარ მეუღლეზე ლაღად მღერის, მისი აზრით, ლოლა ყველაზე ერთგული ცოლია.

ღვთისმსახურების შემდეგ ხალხი ეკლესიიდან გამოდის. ალფიო მოედანს ტოვებს. მორწმუნეები დაჩოქილნი პროცესიას აცილებენ. შემოდის ტურიდუ. სანტუცა მას დარჩენას ევედრება, მაგრამ ტურიდუ სანტუცას სიტყვების მიმართ გულგრილია და მისი მუდმივი ეჭვიანობა აღიზიანებს.

სცენაზე ლოლა გამოდის, ის შესვლას ეკლესიაში აპირებს. კეკლუც ქალს ტურიდუ სწრაფი ნაბიჯებით დაედევნება. მაგრამ მას სანტუცა ლოლასთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს. ტურიდუ უხეშად იშორებს სანტუცას.

სასოწარკვეთილი სანტუცა ტირის და ტურიდუს წყევლის. . . ამ დროს ტავერნიდან ალფიო გამოდის, ის ეკლესიისკენ მიემართება. სანტუცა მას ლოლასა და ტურიდუს სასიყვარულო ამბავს ეუბნება. ალფიო შეურაცხყოფილია და გამძვინვარებული.  იგი  ფიცს  დებს, რომ შურს იძიებს და იმ ადამიანს დასჯის, რომელმაც მისი ოჯახის ღირსება შებღალა. 

ეკლესიიდან გამოსული ხალხი მოედანზე იკრიბება. ბევრმა ტავერნას მიაშურა. აქვეა ტურიდუც, რომელიც ალფიოს ღვინით სავსე ფიალას აწვდის, ის კი ფიალას ხელს ჰკრავს. ტურიდუ რწმუნდება, რომ ალფიომ ლოლასთან მისი საიდუმლო კავშირის შესახებ იცის. სოფლის ღირსების შეურაცხყოფა მხოლოდ სისხლით შეიძლება ჩამოირეცხოს. ალფიოსთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გარდუვალია. ეს უკვე გამოწვევაა.

ტურიდუს სინდისი ქენჯნის და საკუთარ საქციელს ნანობს. იგი ალფიოსთან შერიგებას ცდილობს, მაგრამ უკვე გვიანია: ტურიდუ და ალფიო ერთმანეთს სოფლის განაპირას უნდა შეხვდნენ. ტურიდუ დედას ემშვიდობება, რომელიც შვილის დაკარგვას წინასწარ გრძნობს. ტურიდუ ლუჩიას პატიებას სთხოვს და სანტუცაზე ზრუნვას ევედრება.

ამ დროს რამდენიმე აღელვებული ადამიანი მოედანზე ხმაურით შემორბის და შეკრებილთ ტურიდუს დაღუპვის ამბავს ამცნობს.