ქართული სპექტაკლების პროგრამა

სლავომირ მროჟეკის მიხედვით მუსიკალური თერაპია ერთ მოქმედებად 

9 დეკემბერი 

19:00

სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - ანდრო ენუქიძე
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
ლოტბარი  – თემურ დოლიძე
ქორეოგრაფი – შალვა გოგუაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:
ოკულისტი  – ტიტე კომახიძე
ბაბუ– ზაალ გოგუაძე
შვილიშვილები – მამუკა მანჯგალაძე, დავით ჯაყელი, ლევან თედორაძე
ექთანი – მარინა ბურდული

 

ხანგრძლივობა : 55 წუთი


ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ, საქვეყნოდ აღიარებული პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხეიდვით დადგმა გადაწყვიტა „ახალ სცენაზე“. 

ექვსი მოქმედი პირი - თოფით შეიარაღებული ბაბუა, რომელიც ვერ ხედავს, მუტრუკი შვილიშვილები, ოკულისტი და მისი ექთანი ერთი შეხედვით სასაცილო კოლიზიებს გაითამაშებენ. ბაბუა და შვილიშვილები იმისთვის აკითხავენ ოკულისტს, რომ აღმოაჩინონ და მოკლან ვინმე კარლო... 

უცნაური, მრავლისმთქმელი, სასაცილომდე სასტიკ, შეიძლება ითქვას, ბოდვანარევ ისტორიას მივყავართ ოდესღაც ლაღი ინტელექტუალური ცხოვრებით მცხოვრები ოკულისტის პიროვნების დაშლამდე. იგი დამსმენი ხდება და ბაბუასა და შვილიშვილების ხელში პოლიტიკური შეკვეთის ბრმა იარაღად წარმოჩნდება

თეატრის შესახებ:

ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ. ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“

თეატრის პირველი შენობა 1884 წელს ააგეს, იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნით - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.

2014 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად საშუალო თაობის გამორჩეული რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაინიშნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა შემოქმედებითი ატმოსფერო, განაახლა რეპერტუარი, თეატრი მაყურებელს რეგულარულად სთავაზობს საპრემიერო წარმოდგენებს. ამავე პერიოდში – 2015 წელს შეიქმნა ახალი ექსპერიმეტული სივრცე ,,ახალი სცენა“, სადაც ყველა თაობის ქართველი და უცხოელი რეჟისორები – ანდრო ენუქიძე, ზაზა სიხარულიძე, ლაშა შეროზია, ავთო ვარსიმაშვილი, იონ საპდარუ (რუმინეთი), თარეკ ისკანდერი (დიდი ბრიტანეთი), ნუგზარ გაჩავა, ნინი ჩაკვეტაძე, გოგი ქავთარაძე, ლინას მარიუს ზაიკაუსკასი (ლიეტვა), იაცეკ გლომბი (პოლონეთი), ჰანა მოსი, და დევიდ რალფი (დიდი ბრიტანეთი), დავით მაცხონაშვილი, გოგი მარგველაშვილი, ზურა სიხარულიძე, გიორგი შალუტაშვილი, ქეთი დოლიძე, გიორგი სიხარულიძე, ქრესიდა ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი), გაბრიელ გოშაძე, მანანა კვირკველია ახორციელებენ ექსპერიმენტულ დადგმებს.  თეატრის რეპერტუარშია შექსპირის, გოგოლის, ზოლას, ფრანკოს, მროჟეკის, კლდიაშვილის, ვაჟა ფშაველასა და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები.

თეატრი რეგულარულად მართავს საგასტროლო ტურნეებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში, მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და თეატრალურ ფორუმებში. შემოქმედებითი წარმატებებისათვის თეატრის არაერთი შემოქმედი დაჯილდოვდა ფესტივალებისა და კონკურსების პრესტიჟული ჯილდოებით.

2015-2018 წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ მიერ განხორციელდა თეატრის ისტორიული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. ამჟამად თეატრში ფუნქციონირებს "დიდი სცენა", "ექსპერიმენტული სცენა" და "ახალი სცენა". თეატრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.

2019 წლის 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის შენობა პრემიერებით – "KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით (დავით კლდიაშვილის ნაწარმოების "უბედურება" მიხედვით), "ხანუმა" (ავქსენტი ცაგარელი). რეჟისორი ანდრო ენუქიძე