ქართული სპექტაკლების პროგრამა

სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

09 დეკემბერი 

13:00

 

სვანური ლეგენდა სიყვარულზე

ლილე შენგელიას პიესა „მიაგულის“ მიხედვით

                                              მარიონეტული დრამა ერთ მოქმედებად

რეჟისორი: გიორგი ჩხაიძე
სცენოგრაფია: გიორგი ჩხაიძე
თოჯინების მხატვარი: მერი დარმელიძე
კოსტუმების მხატვარი: მარინა ფრანგიშვილი
მუსიკალური გაფორმება: მიხეილ მდინარაძე, დავით მალაზონია, ჭაბუკა ამირანაშვილი
შესრულება: ჯგუფი „ირიაო“ „ბარაკა“   მიხეილ ჯავახიშვილი, სოფო გელოვანი, გიგი აბაშიძე
რეჟისორის თანაშემწე: ნანა თოლორდავა
მონაწილეობენ: მერი დიასამიძე, მინდია ჩოხარაძე, ვანო მაღლაკელიძე, სოფიო ცინცაძე, ირინა ღლონტი, მარიკა ბულეიშვილი, თედო ტუღუში, თამარ მახარაძე

ხანგრძლივობა : 55 წუთი

 სპექტაკლი აგებულია რეალური სვანური ლეგენდის მიხედვით.

    პიესაში -  „ მიაგული“ -  ვხვდებით მაღალმთიან რეგიონში განვითარებულ ამბავს, სადაც ადათ-წესები, ტრადიციები და  სარწმუნოება  უმაღლესი  მსაჯულია. ახალგაზრდა ქალი  მიაგული, შეყვარებულია ბეშქენზე, რომელსაც თავისი ოჯახი  უკვე  ჰყავს. არც ბეშქენი არის მიაგულის  მიმართ  გულგრილი. ისინი „აკრძალულ“ შეხვედრებს  იწყებენ, მათი სიყვარულის ამბავი  მალევე  ყველასთვის შესამჩნევი  ხდება, მიაგული და  ბეშქენი  თავისი გრძნობით  ცდილობენ  არსებულ  ყოფასთან  დაპირისპირებას, ისინი ცდილობენ გაიქცნენ სხვაგან. მაგრამ იქ,  სადაც  თავისუფალი  ნება  დაკარგულია,  იქ,  სადაც  გაიძულებენ ტყუილში იცხოვრო,  იქ,  სადაც ყველა  იტანჯება, მაგრამ  მოცემულობას არ  გადადიან, ძნელია  გამარჯვება.  ქალიც და მამაკაციც  არჩევანის წინაშე  დგებიან.  მიუხედავად უშედეგო  დასასრულისა  არცერთი  მათგანი თავის პიროვნულ  პრინციპს არ  ღალატობს. ლეგენდის თანახმად,  მიაგულის მამა გადაწყვეტს ბეშქენის მოკვლას, მაგრამ ბუნება დაასწრებს მას და  ბეშქენი ნადირობისას იღუპება.  ასე ამბობენ, ყინულზე ფეხი დაუცდა და ენგურში ჩავარდაო.  როცა ყოველივე ეს დარინამ გაიგო,  ისიც საყვარელი ქმრის ბედს გაჰყვა და თავადაც მდინარეში გადაეშვა. იმ დღის შემდეგ მიაგული რიონის ნაპირებს, სადაც ის და ბეშქენი ერთმანეთს ხვდებოდნენ  აღარ მოშორებია,  მიაგულის მამამ კი ქალს კოშკი აუგო და ქალიშვილის განდეგილ ცხოვრებას შეეგუა. დარინა და ბეშქენი სიკვდილის შემდეგ კალმახებად გადაიქცნენო, ხოლო მიაგული ყოველ დღე უყრიდა მათ პურს ენგურში.
კოშკი დღემდე დგას ენგურის პირას. ლოდზე
, საიდანაც ზაფხულობით ანკარა წყარო ამოდის, ამბობენ ეს მიაგულის ცრემლებიაო.
ეს არის ამბავი  ტრადიციებზე, აკვნიდან ნიშნობაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ წყვილები, რომლებიც  დანიშნეს აკვანში და ისინი, ვინც არ დანიშნეს.


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე
დირექტორი თემურ მახარაძე

 

თეატრის შესახებ :

ქალაქ ბათუმში თოჯინების თეატრის არსებობა სათავეს XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს. ასეთი სახელწოდებით - „ტიკინების თეატრი“ აჭარაში 1936 წელს გაიხსნა, თუმცაღა, მანამდე ბათუმში არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა „ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი“.

ბათუმში, თოჯინების თეატრის დაარსების იდეა მოსკოვში სტალინთან ქართული თეატრის მოღვაწეებთან შეხვედრაზე დაიბადა. ამ დელეგაციაში შედიოდნენ ცნობილი მსახიობი თამარ ჭავჭავაძე და დრამატურგი მიხეილ ნიორაძე, რომლებიც იმ დროს ბათუმის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდნენ. სწორედ მათ დასვეს საკითხი ბათუმში თოჯინების თეატრის დაარსებისა.

თეატრის შენობა, ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური არქიტექტურული ძეგლია არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელს საქართველოში. მას მინიჭებული აქვს კულტურის ეროვნული ძეგლის სტატუსი. გადმოცემით ეს შენობა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკუთვნოდა ერთ ბერძენ ექიმს, რომელიც სახლში იღებდა პაციენტებს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1924 წლიდან შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო 2011 წლიდან აღნიშნული შენობა მთლიანად გადავიდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებრლთა სახელმწიფო თეატრის საკუთრებაში.

 

ბათუმის თეატრის დასი პროფესიონალი ხელოვანებით დაკომპლექტდა (რეჟისორები - გრიგოლ კოტავა და კოწო (კონსტანტინე) დოღონაძე, კომპოზიტორი - ვლადიმერ კორშიონი, მხატვარი - ივან ეფერემოვი და ოლეგ ერომირი. მსახიობები - ოლღა ჩხიკვიშვილი, ტასო შარაშიძე, თამარ თავადიშვილი, ლუიზა ანჯელო, გალია ბულგაკოვა, ეკატერინე რალცევიჩი, შალვა ხორავა და სხვები). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თოჯინებს ადგილზე ამზადებდნენ.

ბათუმში თოჯინების თეატრს თითქმის ოცი წლის მანძილზე შეწყვეტილი ჰქონდა ფუნქციონირება, 1980 წლამდე.

1980-1981 წლიდან ბათუმში ფუნქციონირებას იწყებს მუდმივმოქმედი თოჯინების სახელმწიფო თაეტრი პროფესორ გივი სარჩიმელიძის ხელმძღვანელობით. მანვე გახსნა თეატრალურ ინსტიტუტში თოჯინების თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების მიზნობრივი ჯგუფები. ბათუმის თოჯინების თეატრი მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსა და კონკურსში და წარმატებებსაც აღწევდა.

ბათუმის თოჯინების თეატრში სხვადასახვა დროს მოღვაწეობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ცნობილი რეჟისორები, მხატვრები და კომპოზიტორები: გივი სარჩიმელიძე, თამაზ ბოლქვაძე, ეთერ თავართქილაძე. სწორედ ეთერ თავართქილაძის სახელთან არის დაკავშირებული ამ თეატრში სპექტაკლების ცოცხალ პლანში დადგმა. 1993 წელს ეთერ თავრთქილაძის მიერ დადგმულმა ე. შვარცის „არაუჩვეულებრივმა კონკიამ“ მისცა ბიძგი მსახიობებს ემუშავათ სხვა ჟანრში, რაც შემდგომ წლებში გახდა საფუძველი ბათუმის თოჯინების თეატრის ბაზაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსებისა.

   2017 წლიდან თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი გუნდი აქტიურად შეუდგა შემოქმედებით საქმიანობას. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა და განისაზღვრა თეატრის ხედვა და მისია, ასევე, სარეპერტუარო პოლიტიკა, შეიქმნა თეატრალური სტუდია, განახლდა დასის შემადგენლობა, განხორციელდა არაერთი საერთაშორისო გასტროლი, გაიზარდა მაყურებელთა სეგმენტი. დღეისათვის თეატრი სრულად ჩართულია საერთაშორისო კულტურულ პროექტებში და, შესაბამისად, აქტიურ შემოქმედებით ურთიერთობებს ამყარებს საერთაშორისო კულტურულ ინსტიტუციებთან. (ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მოეწყო ლონდონის თოჯინურ თეატრებსა და მარკეტინგის შემსწავლელ სხვადასხვა შემოქმედებით ორგანიზაციასთან სახელოვნობო მიმოხილვითი  ვორკშოპები და კვალიფიკაციის ამაღლების მოკლევადიანი კურსების ხელშეწყობის პროგრამები).